ფხენიანმა დაუდგენელი მოდელის რაკეტები გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ქალაქ ვონსანთან, სულ მცირე, ორი დაუდგენელი მოდელის რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის სარდლობაზე დაყრდნობით წერს.
სამხრეთ კორეელი სამხედროების მტკიცებით, ქობინებმა 430 კმ რადიუსში იფრინეს.
აღსანიშნავია, რომ რაკეტების გაშვება პირველია ივნისის ბოლოს სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზირებულ ზონაში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შემდეგ. მაშინდელი შეხვედრა ტრამპის ინიციატივით შედგა.
უკანასკნელად ჩრდილოეთ კორეამ საშუალო სიშორის რაკეტები მაისში გამოსცადა, რომელსაც კიმ ჩენ ინი პირადად აკვირდებოდა.
23 ივლისს კიმ ჩენ ინმა, ფხენიანის სარაკეტო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, წყალქვეშა ნავი დაათვალიერა, რაც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეა წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ავითარებს.