ბორჯომში, მეხანძრე-მაშველებმა უკანონოდ დანთებული ცეცხლი აღკვეთეს

მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომში, საბურავებითა და სხვა მავნე ნარჩენებით უკანონოდ დანთებული ცეცხლი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომში სოფელ ზანავში, შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

შემთხვევის ადგილზე, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სოფელ ზანავში მშენებარე ქარხნის ეზოში მიმდინარეობდა კონტროლირებადი წვის პროცესი.
მოქალაქეების მიერ დანთებულ ცეცხლში იწვებოდა საბურავები და სხვა ქიმიურად მავნე ნარჩენები.

მეხანძრე-მაშველებმა ზედაპირული ღია ცეცხლი, რომელიც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებდა, მისვლისთანავე ჩააქრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლებმაც მოახდინეს შესაბამისი რეაგირება და ზედაპირული ღია წვის პროცესის გამომწვევი პიროვნება დააჯარიმეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები