მაია ბითაძე: 48 ათასი მგზავრის ნაცვლად, გაზრდილი გაბარიტების მქონე ავტობუსი 100 ათას ადამიანს გადაიყვანს
დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ავტობუსების გაბარიტების გაზრდიდან გამომდინარე, 48 ათასი მგზავრის ნაცვლად ტრანსპორტი 100 ათას ადამიანს გადაიყვანს.
როგორც მან აღნიშნა, თბილისში საქალაქო ტრანსპორტის მომსახურების გასაუმჯობესებლად სამუშაოს პირველი, მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულებულია.
„დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს დერეფნების განსაზღვრას და ამისთვის რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯება, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს თავისი ველობილიკებითა და ბასლაინებით. დამონტაჟდება ჭკვიანი შუქნიშნები, რომ ავტობუსები დროულად მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. მთლიანად იცვლება ავტოპარკი. დღეს თუ ავტობუსებს აქვთ დღეში 48 ათასი მგზავრის გადაყვანის უნარი, ავტობუსების გაბარიტების გაზრდიდან გამომდინარე, დღეში გადაყვანილი იქნება 100 ათასი მგზავრი. მგზავრებს აღარ მოუწევთ ჭეჭყვაში ყოფნა.
დაახლოებით, 35 ქუჩას ვაპროექტებთ. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ ქუჩაზე, იწყება 25 ქუჩა და გვრჩება 10 ქუჩის პროექტირება, რათა, ახალ სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებთან ერთად, გვქონდეს გამართული საგზაო სისტემა.
სამარშუტო სქემები, რომლებიც თბილისში მოქმედებს, არ არის ეფექტიანი. არის უბნები, რომლებსაც საერთოდ არ ემსახურება ტრანსპორტი და მოლოდინის რეჟიმი არის ნახევარი საათი, 40 წუთი. ბასლაინები მოეწყობა ყველა ძირითად დერეფანზე. ზოგან მოეწყობა შუაში, ზოგან კიდეებში. მაგალითად, ხიზანიშვილსა და ვეკუაზე იქნება კიდეებში. რუსთაველი ჯერ დაპროექტებული არ არის. ჭავჭავაძეზე უკვე მოდელშია ჩასმული, ორი კვირის წინ გამოიკითხა მოსახლეობა მარშუტებთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცით, რა გაბარიტების ავტობუსები, ველობილიკები და ბასლაინები უნდა მოეწყოს ჭავჭავაძეზე, რომ შეფერხება არ იყოს დამაკავშირებელ ქუჩებთან დაკავშირებით. გაჩერებები იქნება გაცილებით დიდი, რათა დიდმა ავტობუსებმა იარონ. ყველაფერი არის დაპროექტებული, რომ ტროტუარები არ შემცირდეს და წარმატებული პროექტი იქნება, რომელიც საცობებისგან მთლიანად განტვირთავს ჭავჭავაძის გამზირს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.