აკაკი ზოიძე: სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სულ უფრო ხშირად გვევლინება მიკერძოებულ მხარედ პოლიტიკურ ველში
„სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხშირად გვევლინება მიკერძოებულ მხარედ“, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე არასამთავრობო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ხელისუფლებისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია – ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და მესამე სექტორი, ხაზს ვუსვამ – მიუკერძოებელი. როდესაც მესამე სექტორის მიერ სწორედ ერთ-ერთი მედიასაშუალების დასაცავად მიწერილ წერილში ჩვენ ვხედავთ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა „არაფორმალური მმართველი“ – მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე, ვფიქრობ, მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია.
სამწუხაროდ, ეს, ასევე, ახასიათებს ბოლო პერიოდში „რუსთავი 2-ს“, რომელიც არც აცხადებდა უკვე პრეტენზიას მიუკერძოებლობაზე და პირდაპირ წარმოადგენდა პარტიულ ტელევიზიასა და პროპაგანდის იარაღს“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.
ცნობისათვის, საქართველოში მოქმედმა ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, ყურადღებით დააკვირდნენ მფლობელის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს.