ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ჩუსტები მიიტანა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.
საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ლევან თევზაძეს, ილონა თოდუასა და უჩა თოდუას მოუსმენენ.
როგორც ანა დოლიძემ განმარტა, მან აღნიშნული ჟესტით ის გამოხატა, რომ საბჭოს წევრებმა საღამოს გასაუბრების დროს თავი კომფორტულად, ოჯახურ გარემოში იგრძნონ.
როგორც დოლიძემ სხდომაზე აღნიშნა, საბჭოში გასაუბრება არასამუშაო საათებშიც მიმდინარეობს და ამით ირღვევა შრომითი უფლებები.
ანა დოლიძის კრიტიკის საპასუხოდ, საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირი, შუამდგომლობას წარუდგენს იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატი განსაზღვროს საბჭოს აპარატის თანამშრომლებისა და იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის.