შალვა თადუმაძე: მიუკერძოებელი სასამართლო იქმნება კანონის საფუძველზე და არა სამი პირის გადაწყვეტილებით

„მიუკერძოებელი სასამართლო იქმნება კანონის საფუძველზე და არა სამი პირის გადაწყვეტილებით“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების პროცესზე განაცხადა.

კითხვაზე: როგორ გესმით მიუკერძოებელი სასამართლო? თადუმაძემ განმარტა, რომ ეს არის კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო და არა სამი პირის მიერ.

„კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო მესმის ზუსტად ისე, როგორეც იგულისხმა აღნიშნულმა დოკუმენტმა. დემოკრატიულ სახელმწიფოში მიღებულ, კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლო სისტემას აქვს შესაბამისი გარანტიები, ჰყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეები, პლუს ამას აქვს გაწერილი ნორმატიული პროცედურები, რომელთა საფუძველზე მხარეები უზრუნველყოფილნი არიან იმით, რომ მათი უფლებები დაცული იქნება ამ სასამართლო სისტემაში და ეს მოხდება კანონის საფუძველზე. მიუკერძოებელი სასამართლო კანონის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი და არა სამი პირის, რომელიც გამოაცხადებს, ჩვენ ვართ აქ სასამართლო და რაღაც ტექსტებით დაადგენს მართლმსაჯულებზს“. – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გაუსაუბრება უკვე 12-მა კანდიდატმა გაიარა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

საბჭო დღეს კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრება.14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს გაესაუბრება.

ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები