კომუნიკაციების ეროვნული კომისია ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის რუსული სატელეფონო კოდების მინიჭების საკითხს ეხმაურება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის რუსული სატელეფონო კოდების ოფიციალურად მინიჭების საკითხს ეხმაურება.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის კომიტეტსა და რუსეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნომრები დაიწყება კოდით – 7, ფიქსირებული კავშირის კოდი იქნება 850, მობილური კავშირისთვის – 998. სააგენტო “რეისის” ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეთანხმება მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში (ITU) არ გაწევრიანდება და საკუთარი საერთაშორისო კოდი არ მიენიჭება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალური სააგენტოა, რომლის წევრიც საქართველო 1993 წლიდან არის.
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია), ასევე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, მას შემდეგ რაც საქართველო 1992 წელს გახდა გაეროს წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ქმედებით კიდევ ერთხელ ირღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებები, ამჯერად სატელეკომუნიკაციო სფეროში. ე.წ სამხრეთ ოსეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) წერილობით და ამ უკანონობის შესახებ აცნობებს.