ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა – “კითხვაზე: ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას, ვუპასუხე, რომ 2003 წელს 3 თვეს დეპუტატი ვიყავი და ხელფასი მქონდა ასაღები”

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა.
როგორც ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი აზრიანი შეკითხვა, რომელიც მას დაუსვეს, ეხებოდა იმას, თუ რას მოიმოქმედებდა თუკი ხალხი პარლამენტის შენობაში შესვლას მოახერხებდა, რაზეც მან ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა.
“საკმაოდ კარგ, სახუმარო ხასიათზე ვიყავით და, შესაბამისად, კითხვაზე: ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, ვიდრე პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები. ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მკითხეს – რატომ ვაპირებდი წინიდან პარლამენტში შესვლას და ვუთხარი, რომ ბუღალტერია წინიდან მეგონა. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო. ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია – ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის უფრო მეტი გართულება არ ყოფილიყო. შემდეგი, მეტ-ნაკლებად, იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, რომ ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება? რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სჭირდება სპეციალური ნებართვა. მეტი აზრიანი კითხვა არ დასმულა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები