რუსეთმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვია – სამხრეთ კორეის გამანადგურებლებმა 360 გასროლა განახორციელეს
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც საპასუხოდ 360 გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.
Yonhap-ის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ტოკტოს კუნძულებთან დაარღვია.
თავდაპირველად, ის უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ადგილობრივი დროით 9:09 საათზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. სამხრეთ კორეის გამანადგურებლების ჰაერში აფრენის შემდეგ, რუსულმა თვითმფრინავმა ტერიტორია დატოვა, თუმცა უკვე 9:33 საათზე ის კვლავ დაბრუნდა და სამხრეთ კორეის ცაზე 4 წუთის განმავლობაში დარჩა.
მედია აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული თვითმფრინავი სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეს არღვევს.
სამხრეთ კორეის რეაქცია
სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ჩონ ი ენმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს პროტესტის ნოტა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეა მომხდარს შეშფოთებით აღიქვამს.
„თუ მსგავსი რამე განმეორდა, ჩვენ გაცილებით მკაცრ ზომებს მივიღებთ. ვითხოვთ, რუსეთის უსაფრთხოების საბჭომ მომხდარის შეფასება გააკეთოს და შესაბამისი ზომები მიიღოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ რუსეთს სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, არამედ იაპონიის ზღვის ტერიტორიულ წლებში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, სამხრეთ კორეული გამანადგურებლები კი, პირიქით, რუსული თვითმფრინავის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტოკტოს კუნძულთა ჯგუფი იაპონიის ზღვაში სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა კორეის, რასაც იაპონია „უკანონო ოკუპაციად“ მიიჩნევს და კუნძულებს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. იაპონია კორეას სთავაზობს, საკითხი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოზე იყოს გატანილი, რასაც სამხრეთ კორეაში პასუხობენ, რომ კუნძულების ირგვლივ არანაირი კამათი არსებობს, რადგან ისინი ისტორიულად კორეის ტერიტორია იყო.
მომხდარს იაპონიის მთავრობაც გამოეხმაურა.
იაპონია, თავის მხრივ, დიპლომატიური არხებით გამოთქვა პროტესტი ტოკტოს კუნძულებთან რუსეთისა და სამხრეთ კორეის ინციდენტთან დაკავშირებით.
„ეს ჩვენი ტერიტორიაა და მსგავსი ქმედება დაუშვებელია“, – ნათქვამია პროტესტის ნოტაში.