ირაკლი ოქრუაშვილი: 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ჩემ მიერ იყო დაფინანსებული

0

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წელს კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოქრუაშვილის განცხადებით, მან 1 მილიონ 200 ათასი დოლარი ლევან იმნაიშვილის მეშვეობით გადაუხადა დვალსა და აქიმიძეს.
„არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, რაში აიღო დავით დვალმა ნაღდი ფული 1 მილიონ 200 ათასი დოლარი და „ჯორჯიან ონლაინის“ 10 პროცენტიანი წილი, რომლის ღირებულება იყო დაახლოებით 800 ათასი აშშ დოლარი. თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, კეთილი უნდა ინებოს, უკან დააბრუნოს.
კიდევ გავიმეორებ, 1 მილიონ 200 ათასი დოლარი ლევან იმნაიშვილის მეშვეობით გადავუხადე დვალსა და აქიმიძეს და, პლუს, უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯიან ონლაინი“, რომელიც მე მეკუთვნოდა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ასევე, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ თანხების მოსაზიდად მაშინდელი თავისი თანამდებობა არ გამოუყენებია.
„ამ კითხვაზე შემიძლია, არ გიპასუხოთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემ  მიერ იმ ადამიანებისგან, რომლებიდანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი ვინაობა დავასახელო. მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მას მერეც. მანამდეც მქონდა ამის საშუალება, ახლაც მაქვს, თანამდებობაზე ყოფნის დროსაც მქონდა და ა.შ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, 1 მილიონ 200 ათასი რა პატარა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა დაახლოებით იმისთვის, რომ ამხელა ფული მეშოვნა. 2003 წელს კონსპირაციების და შეთქმულების თეორიებს რომ აწყობთ, თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“ ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემ  მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი და ახლაც მაქვს და მერეც მექნება, დიდი ალბათობით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი