ოქრუაშვილი დვალის განცხადებაზე: რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, მეც ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ

0

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს ჩვენება, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ “რუსთავი 2” დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც გორში ადგილობრივი არჩევნები იმართებოდა და მასში თავად ოქრუაშვილიც მონაწილეობდა.
“პოლიტიკაში არსებობს ტერმინი: “ბინძური თეთრეულის გამოფენა”. ჩემი მიზანი ამის გაკეთება არ ყოფილა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამაზე საუბარი… ჯერ კითხვა ისმის, საიდან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი ხელში. პროკურატურამ მისცა ეს ყველაფერი. დავუშვათ, ეს ასეა. რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ: 2014 წლის 1-ელ აპრილს ვარ დაკითხული. 15 ივნისს არის ადგილობრივი არჩევნები, როცა გორში მერობაზე ვაპირებ კენჭისყრას. ეს ის პერიოდია, როცა “ოცნება” ცხენზე ზის და მისთვის კონკურენციის გაწევა იოლი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო – ერთი რომ ხელი არ შემეშალა მათთვის ანუ დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული სახის ხელის არშეშლის მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის ვთხოვე მხარდაჭერა დავით უსუფაშვილს. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი – პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი რაღაც საკითხის გარკვევაზე არის ეს პასუხი. შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა ასეთი სახით, როგორითაც მაქვს”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი, დავით დვალი ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც, მისი თქმით, ამონარიდია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის 2014 წელს მიცემული ჩვენებიდან.
ინფორმაციის თანახმად, ოქრუაშვილმა იცოდა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წილების დათმობა აიძულეს.

კომენტარები

კომენტარი