არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

„საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, კონგრესში ჩატარებულმა შეხვედრებმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ გზა, რომელსაც მივყვებით, არის სწორი გზა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

„ჩვენი პროგრესი კიდევ უფრო კარგად და კიდევ უფრო ძლიერად ჩანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. მათთან ინტენსიური დიალოგი გვაქვს. ადგილზე ძალიან ეფექტურად მუშაობს საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და საელჩოს გუნდი. ვიტყოდი, რომ ის გზა, რომელიც საქართველომ აირჩია – დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, არის სრულად მხარდაჭერილი აშშ-ის მხრიდან. ეს არის სწორი, თუმცა, რთული გზა, მით უმეტეს, იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევების წინაშე”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას ახორციელებს და დასავლეთის ღირებულებით სისტემას იზიარებს. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ ქართული საზოგადოების მტკიცე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია.

„დემოკრატიის კონსოლიდაცია არის სწორი, უსაფრთხოება, ეკონომიკა, რომელსაც ვაშენებთ, რეგიონში საქართველოს მართლაც რომ გამორჩეულ ადგილს ანიჭებს. როდესაც ჩვენი პარტნიორები უფრო ფართო კონტექსტს, დიდ სურათს უყურებენ და მათ ამ ყველაფერზე სრული ინფორმაცია აქვთ, საქართველო რეგიონში არის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო, პროგრესული და საიმედო პარტნიორი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები