ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა“, – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმის თქმა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არცერთ ნაწილში დარღვეულა, მიუთითებს იმას, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლეს დონეზე იმუშავა, სწორად შეაფასა სამართლებრივი საკითხები და კანონიერ მესაკუთრეს მიაკუთვნა საკუთრების უფლება“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საფრთხე „რუსთავი 2-ს“ ექმნება, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
„ვინც ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2-ს“ საფრთხე ექმნება, არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენს. ის ადამიანები, რომლებიც, ერთი მხრივ, თავს დებენ პროდასავლურობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და, მეორე მხრივ, აკრიტიკებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას – იმ სასამართლოს, რომელიც დგას სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, დემოკრატიული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე – ეს არის ორი, ურთიერთშეუთავსებელი რამ. ეს ადამიანები არაფერს ამბობენ იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლო, რეალურად, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზეა და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის მისაღებია და ისინი აღასრულებენ მას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა.
„ამ საქმით დადასტურდა ის, რაც ქართული მართლმსაჯულების მიერ იქნა დადასტურებული და ეს არის ქართული მართლმსაჯულების აღიარება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმის თქმა, რომ არცერთ ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, მიუთითებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლეს დონეზე იმუშავა, სწორად შეაფასა სამართლებრივი საკითხები და კანონიერ მესაკუთრეს მიაკუთვნა საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში – ქიბარ ხალვაშს, რომელსაც წაართვეს ნაციონალური რეჟიმის დროს საკუთრება. საკუთრების უფლებაზე სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ დაუშვებლად ცნო, არც კი იმსჯელა ამ საკითხზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეების ნაწილში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და პირიქით – როგორც პირველი ინსტანციის, ისე მეორე ინსტანციის მოსამართლეები მოქმედებდნენ მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და ობიექტურად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები