ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.სუსლიაკმა პენიტენციალური დაწესებულება დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვა. იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
როგორც საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განმარტა, ვინაიდან საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა უკრაინაში იყო და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.
“ვინაიდან გუშინ იქნა გამოტანილი დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ვინაიდან ეს საქმე ქართული მხარის წარმოებაში არ არის, საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა”, – აცხადებს პროკურორი.
იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ეჭვობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კვლავ დააკავებენ.
“ჩაფიქრებული აქვთ, რომ იულია სუსლიაკი ხელახლა დააპატიმრონ, ჩასვან თვითმფრინავში და გაამგზავრონ. ვითხოვთ სახალხო დამცველის და პრესის ჩართვას. ორი დღეა, პროკურორები და გამომძიებლები მთხოვენ შევუძინო ბილეთი იულია სუსლიაკს და გავამგზავრო კიევის რეისზე. არ შევიძენ. აქვს სრული თავისუფლება და არავის აქვს უფლება შეუზღუდოს მას გადაადგილების თავისუფლება, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.