ვოლკერი: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს

ვაშინგტონში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ.
მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, კურტ ვოლკერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ვფიქრობ, რომ ყველამ, მთავრობამაც და ოპოზიციამაც, პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობის პრინციპის. მედიის გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლება საქართველოში გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის. შეუძლებელია, გქონდეს თავისუფალი ქვეყანა და დემოკრატია, თუ პატივს არ სცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დიახ, ეს არის გადაწყვეტილება ერთი ტელევიზიის საკუთრების შესახებ და დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა მიეცეს აღსრულების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია საქართველოში.
თუ ხსენებული ტელეკომპანია შეიცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ იქნება თავისუფალი მედია ან ვერ იარსებებს გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, რომ მთავრობა და ოპოზიცია გაერთიანდებიან ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.
როგორც 18 ივლისს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში წერია, შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.
სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.
განცხადება გაავრცელეს „რუსთავის 2“-ს თანამშრომლებმა, რომელშიც ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევს, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებდნენ, არ დაარეგისტრირებინა ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ.
ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დაობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები