თამარ ხულორდავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს. საუბარი ამასთანავე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებსა და ევროპულ მისწრაფებებს დაეთმო, რაშიც ჩვენს ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
„ვისაუბრეთ, ასევე, პარლამენტის როლზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის უკეთ ათვისების, ამ პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებზე”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის შემდეგ.
​მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზეც ისაუბრეს.
„რამდენიმე ჩეხური კომპანია უკვე საქმიანობს საქართველოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩეხეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გავზარდოთ, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. როგორც ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, ამისათვის საქართველოში ძალიან კარგი სამართლებრივი გარემო და პირობები არის შექმნილი. ის მოწოდებულია, რომ ჩვენთან ჰქონდეს ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხებიც, რომლებზეც აუცილებლად გავაგრძელებთ თანმშრომლობას მომავალში”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირინე ფრუიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები