გიგა ბოკერია: ყოფილა სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეფასდა ისტორიისგან, როგორც საუკეთესო და შეიცვალა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან დაკავშირებით სტრასბურგმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო.
მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ყველა პირს მოუწოდა, დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე “რუსთავი2-ს” არ შეეხონ.
“ჩემი აზრით, ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა. სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში ყოფილა გადაწყვეტილებები, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებისთვის არ შეფასდა ისტორიისგან, როგორც საუკეთესო და შეიცვალა. ამიტომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა “რუსთავი2-ის” მხრიდან, გაასაჩივროს დიდ პალატაში და სცადოს ყველა ბერკეტი.
მოვუწოდებ ივანიშვილის გუნდს, კიდევ ერთი დიდი შეცდომა არ დაუშვან, მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე, არ შეეხონ “რუსთავი2-ს”.
ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ამ გამარჯვებით, რაც მათ ჰგონიათ გამარჯვება, შეცვლიან იმ ტალღას, რაც არის ქვეყანაში, პირიქით, მხოლოდ დაამძიმებენ მდგომარეობას, გაზრდიან რისკებს და თვითონ ამით პოლიტიკურად ვერ გადარჩებიან”, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.