მანანა ვაზაგაშვილი: იური, სამართალმა იზეიმა, რისთვისაც იბრძოდი, იმას მიაღწიე, მკვლელები დამარცხდნენ

0

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, თუ შეიძლება, ამას სასიხარულო ერქვას. ძალიან მწყდება გული, რომ ამ დღეს ჩემი ძმა, იური ვაზაგაშვილი ვერ მოესწრო”, – ამის შესახებ 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა.
„ყოველთვის ამბობდა, შევეწირები ამ საქმესო და შეეწირა. სიმართლემ მაინც იზეიმა. ვისაც ეგონა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მართლა ყაჩაღები იყვნენ, როგორც ამას წინა ხელისუფლება, მკვლელები ამბობდნენ, ყველა დარწმუნდეს, რომ ეს ასე არ იყო. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმა.
​ჩემმა მტერმა გაიაროს ის, რაც ჩვენ გავიარეთ. გარდა იმისა, რომ ამხელა ტრაგედია გადავიტანეთ, განვიცდიდით ზეწოლას მკვლელების მხრიდან – უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, საშინელებები გადავიტანეთ, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი, რომ სამართალი იზეიმებდა. როგორც კი გავიგე დღეს ეს ამბავი, ერთი სული მქონდა, გავქცეულიყავი და ჩემი ძმისთვის ჩამეძახა სასაფლაოზე, რომ იური, სამართალმა იზეიმა, რისთვისაც იბრძოდი, იმას მიაღწიე. ჩემი ძმა გამარჯვებულია, ის კაცურად წავიდა და ეს მხდალები და მკვლელები დამარცხდნენ”, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
მანანა ვაზაგაშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი სამართლის მისაღწევად ცხრა წლის განმავლობაში იბრძოდა.
„იური იმიტომ მოიშორეს, რომ ყველა არ დაისაჯა. დაისაჯა ძირითადი ფიგურა, ვინც ეს სპეცოპერაცია მოაწყო, სამი ადამიანი. იური რომ ცოცხალი ყოფილიყო, მკვლელობაში მონაწილეებს გარეთ არ დატოვებდა და მოიშორეს. ზეიმობენ, მაგრამ ნუ ზეიმობენ. აუცილებლად დაისჯება ყველა. მართალია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ, მაგრამ ველოდები ღმერთის სამართალს. დარწმუნებული ვარ, დანარჩენი პირები დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ. რამდენიმე ვიცი. იურიც მუდმივად მაგას ამბობდა, ჩემი შვილის მკვლელები დღესაც თანამდებობებზე არიანო. იცოდა ,თითოეული მათგანი სად მუშაობდა, გვარებით, სახელებით და მოიშორეს. რისთვის მომიკლეს ძმა, რადგან შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა. ცხრა წელს იბრძოლა და ვერ მიაღწია სამართალს. დღეს დადგა სტრასბურგის სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ვაზაგაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი