გია გაჩეჩილაძე: პროპორციულ სისტემაზე გადაწყვეტილება პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ძალიან სწორია
“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ძალიან სწორია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „ კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
“მწვანეთა პარტიის“ ლიდერის თქმით, მომავალი პარლამენტი „საკმაოდ ჭრელი იქნება“.
„არსებული კონსტიტუციით, 2024 წელს პროპორციული სისტემა შემოდის 5 %-იანი ბარიერით. მანამდე საჭიროა პოლიტიკური სპექტრის მკვეთრად ჩამოყალიბება, რომელიც 2024 წელს მივა მომზადებული და უკვე ევროპულ მოდელს გავყვებით. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ძალიან სწორი, მიმართულია ნორმალური პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებისკენ. როცა ვლაპარაკობთ იმას, რომ ეს ნულოვანი ბარიერია, ეს არ არის ასე, ეს არის 0, 67 %, რომელიც ნებისმიერმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა გადალახოს. ეს კარგი პროცესია.
ვფიქრობ, მომავალი პარლამენტი საკმაოდ ჭრელი იქნება. ცოტა ეჭვი მეპარება იმაში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამ პროცესების შემდეგ, როცა საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა, როგორც მოღალატისა და მეხუთე კოლონის, აგენტურის წარმომადგენელმა, რაღაც გარკვეული ხმები მოიპოვოს. საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, თუ რა საშინელ მტერთან აქვს საქმე. ესენი ანგარიშგასაწევები აღარ არიან. მთავარია, ნორმალური პოლიტიკური სპექტრი შევიდეს პარლამენტში. „მწვანეთა პარტია“, რადგან ბლოკები არ იქნება, დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მომავალ პარლამენტში გვყავდეს ფრაქცია, რაც ყველასთვის საინტერსო იქნება, თუ კოალიციის შექმნა იქნება საჭირო. „მწვანეთა პარტია“ არავისთან ითანამშრომლებს, ვინც რუსული ორიენტაციისაა. ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც დასავლური ორიენტაციის არიან“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.