“საქართველოს სინფონიეტა” მიუნხენში კონცერტს გამართავს

მიუნხენის ხელოვნების სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება კონცერტი დღეს გაიმართება, რომელსაც საქართველოს საკონსულო ბავარიასა და ბადენ-ვიუტენბერგში და მისი საპატიო კონსული, ბატონი კლაუს ჰიპი უმასპინძლებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გუნდი „ქართული სული“ მიხეილ ედიშერაშვილის ხელმძღვანელობით, ი. ჰიპის სახელობის თბილისის თოჯინების თეატრი, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი, ლიზი ნამჩევაძე (ფორტეპიანო), ლაშა მღებრიშვილი და გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი).
“18:00 საათზე ი. ჰიპის სახელობის თბილისის თოჯინების თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს – „პირველად იყო სიტყვა“. მეტად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კონცერტის დატვირთვიდან გამომდინარე ქართველი შემსრულებლები ქართულ და ევროპულ კულტურას წარმოადგენენ და საღამოს მეორე ნაწილი 19:00 საათზე კონცერტით გაგრძელდება, სადაც ქართულ ფოლკლორულ სიმღერებთან ერთად ქართული და ევროპული აკადემიური მუსიკა შესრულდება. კონცერტზე მისული აუდიტორია მოისმენს: ტომასო ალბინონის, ჟან ფილიპ რამოს, სულხან ცინცაძის, იოსებ კეჭაყმაძისა და ანდრია ბალანჩივაძის ნაწარმოებებს.
აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუნხენში ანდრია ბალანჩივაძის საფორტეპიანო კონცერტის გერმანულ პრემიერაზე „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად სოლისტად გერმანიაში დაბადებული, მრავალგზის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, 11 წლის პიანისტი ლიზი ნამჩევაძე წარდგება.
„საქართველოს სინფონიეტას“ გერმანული გასტროლი კი გრძელდება და მიუნხენის კონცერტის შემდეგ კვლავ დაუბრუნდება იმლინგის საოპერო ფესტივალს, რომელიც 12 ივნისიდან 11 აგვისტომდე გრძელდება და უკვე 9 წელია, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ამ ფესტივალის ორკესტრის საბაზისო შემადგენლობას წარმოადგენს. ამ ევროპულ საკონცერტო ტურნეს კი „საქართველოს სინფონიეტა“ 17 აგვისტოს ქალაქ შაიერნში კონცერტით დაასრულებს.
მადლობას ვუხდით დღევანდელი კონცერტის ყველა ორგანიზატორს: საქართველოს საკონსულოს ბავარიასა და ბადენ-ვიუტენბერგში, ბატონ კლაუს ჰიპსა და ბატონ გიორგი ქობულაშვილს, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას ქართველ მუსიკოსებს.
„საქართველოს სინფონიეტას“ ევროპული ტურნეს წარმატებით დასრულებასა და დღევანდელი კონცერტის ყველა მონაწილეს წარმატებულ კონცერტს ვუსურვებთ!”, – ნათქვამია “საქართველოს სინფონიეტას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები