კახა კალაძე: მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს, სხვანაირად ეს კომპანია ვერ დარჩება ბაზარზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული.
ამასთან, თბილისის მერმა დედაქალაქში დაგეგმილ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.
„სატრანსპორტო პოლიტიკა, ალბათ, გვექნება 2020 წლის ბოლოს, რადგან ახალი სისტემის განხორციელება უნდა დაიწყოს 2021 წლიდან. მანამდე მოსაწესრიგებელია ქალაქში მთლიანი ინფრასტრუქტურა, სადაც 18- და 24-მეტრიანი ავტობუსები ივლის. ყველა ქუჩაზე, სადაც სამუშაოებს ვაწარმოებთ, ვაკეთებთ ავტობუსების ზოლებს და ჭავჭავაძე რომ დამთავრდება ნახავთ, თუ როგორი განსხვავებული ქუჩა იქნება. რაც შეეხება ინტეგრირებას, 2020 წლისთვის გვექნება სრული სურათი, მათ შორის – ტარიფთან დაკავშირებითაც. თუმცა, რაც შემიძლია ვთქვა, მთლიანი შემოსავლები, რაც დღეს სატრანსპორტო კომპანიას აქვს, იმ შემოსავლებს არ აღემატება, ისე იქნება ყველაფერი გადანაწილებული”, – განაცხა თბილისის მერმა.
მიკროავტობუსების შესახებ კალაძემ თქვა, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში ეს კომპანია ვერ დარჩება ბაზარზე და ვერ გააგრძელებს მუშაობას.
“მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება ისიც, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. სხვანაირად ეს კომპანია ვერ დარჩება ბაზარზე და ვერ გააგრძელებს მუშაობას. ტარიფზე, ამ ეტაპზე, კომპანიასთან არ ვსაუბრობთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება, როცა სრული სურათი იქნება და ყველაფერს დავთვლით“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთიანი გადახდის სისტემაში მოექცევა. ცვლილების თანახმად, მოსახლეობას დედაქალაქში ავტობუსებში, მეტროსა და მიკროავტობუსში მგზავრობა ერთი ბილეთის საშუალებით შეეძლება.