ნიკა მელია: რამდენი გმირიც არ უნდა დაიჭიროთ, თავს ვერ იხსნით, აუცილებლად აგებთ პასუხს ისტორიისა და მართლმსაჯულების წინაშე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს საჯაროდ, დემონტრაციულად გადაეფარა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რითაც 20 ივნისს მისი ქმედებები გაამართლა.

როგორც მელიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი თავისი აქტივისტების გამხნევებას ცდილობს.

„ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული შფოთვებისგან გაღიზიანებული, შეშინებული ოლიგაქრი, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით, ამ სტილით ცდილობს, ისედაც მცირე რიცხოვანად დარჩენილი თავისი აქტივისტების გამხნევებას. ივანიშვილი დღეს პირველად საჯაროდ და ასე დემონსტრაციულად გადაეფარა ჯალათ გახარიას, რითიც გაამართლა გახარიას მოქმედებები 20 ივნისს და ამავე დროს, ირიბად დაადასტურა, რომ მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევის დაშლის ბრძანება გასცა მან და სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპი იყო მასთან შეთანხმებული. ივანიშვილმა დღეს პირველად ასე საჯაროდ და დემონსტრაციულად განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან ბოლომდე გახლავთ პოლიტიზებული, გადაჭარბების გარეშე, ეს მან თქვა დღეს სიამაყით. ისიც დაამატა რომ ერთ ადამიანზეა აგებული ეს სისტემა“, – განაცხადა მელიამ.

დეპუტატის თქმით, განცხადება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი თუ არ იქნება გიორგი გახარია, სამინისტრო არ იარსებებს, ნიშნავს, რომ სისტემა ერთ ადამიანზეა ჩამოყალიბებული.

„ივანიშვილმა დღეს მოახერხა და განაცხადა, რომ „გახარია არის მაგარი კაცი და გახარიას თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება იქნებოდა ან იქნება სამშობლოს ღალატი“. აქ კი ნამდვილად უნდა დავეთანხმო, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, ოღონდ თქვენი სამშობლოს ღალატი და არა ჩვენი სამშობლოსი. თქვენი სამშობლო, რუსეთის ღალატი იქნება თუ გახარია გადადგება და აუცილებლად გადადგება. თქვენი სამშობლოა რუსეთი, რადგან თქვენ ატარებთ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ამ ქვეყანაში, თქვენი სამშობლოა რუსეთი, როდესაც ყურს უგდებთ მხოლოდ ლავროვს, პუტინს, კალაშნიკოვს და სხვებს და ყურს არ უგდებთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და უტიფრად საუბრობთ, თითქოს, გახარიას გადაყენებას ითხოვენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უარყოფით კონტექსტში არც ერთხელ არ უხსენებია.

„დღეს თქვენ ბატონო ივანიშვილო, დაადასტურეთ თქვენი პრორუსული პოლიტიკა, არც ერთი სიტყვა არ წამოგცდენიათ უარყოფით კონტექსტში გავრილოვის მიმართ, მისი ვიზიტის თაობაზე და მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი მოსკოვში ჩაფრინდა და იქიდან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. არც ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ ამ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც კეთდება ლავროვისა და პუტინის მხრიდან. ეს არის გამორიცხული, თქვენ ხართ წარსული და ახლა, როგორც არასდროს, ერი არის გამთლიანებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

დეპუტატი ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არჩევანი ძალიან მარტივია – რუსეთი ან დასავლეთი, ისტორიის სწორი მხარე ან ისტორიის არასწორი მხარე.

„რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავოთ, რამდენი გმირიც არ უნდა დაიჭიროთ და შერეკოთ ციხეში, თქვენ თავს ვერ იხსნით. თქვენ აუცილებლად პასუხს აგებთ ისტორიის წინაშე და დამოუკიდებელი, პირუთვნელი მართლმსაჯულების წინაშეც კი. სწორედ გმირები არიან ის ვაჟკაცები, ვისაც თქვენ და გახარია ახლა ერეკებით ციხეებში, რადგან გააპროტესტეს ქვეყანაზე თავსლაფის დასხმა და ზვიად გამსახურდიას სავარძელში რუსი ოკუპანტის ჩაჯდომა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები