“გვყავს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია”

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
თამარ ჩუგოშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გამომწვევ მიზეზებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს მიზეზებია რუსული დეზინფორმაცია, რადიკალური პოლიტიკური ძალები და მედიის ნაწილი, რომელიც, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, სიძულვილსა და აგრესიას ნერგავს.
„პოლიტიკურ პოლარიზება გლობალური ტენდენციაა და ეს არ არის უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის. სულ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზება არაჯანსაღ კონკურენციასა და გარემოს ქმნის.საქართველოში ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს რუსული რბილი ძალა, რომელიც ცდილობს, რამდენიმე საკითხზე, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, საზოგადოების დაყოფა მოახდინოს. მეორე მხრივ, გვყავს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, ან რაიმე ცვლილების მოხდენა შეუძლებელია და სხვა გზებით – რევოლუციური, ნახევრად რევოლუციური თუ დესტრუქციული გზებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ეს, ბუნებრივია, აჩენს დამატებით პოლარიზაციას საზოგადოებაში.მედიაში არის გარკვეული ელემენტები, რომლებიც აგრესიული, არაეთიკური, უკულტურო რიტორიკის შემოტანით, დამატებით დაძაბულობას ქმნიან. სხვადასხვა საზოგადოება სხვადასხვა კუთხით აწყდება პოლარიზების პრობლემას. ყველა თანხმდება, რომ, ერთი მხრივ, ეს გლობალური ტენდენციაა, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია მის წინააღმდეგ მუშაობა, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას. ეს იყო საერთო სულისკვეთება, რაზეც დარბაზში ყველა თანხმდებოდა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი