თამარ მოსიაშვილი „დედაენის“ დაბრუნებაზე: ეს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებაა, რათა საზოგადოებას თავი მოაწონონ, პატრიოტიზმის საფარველქვეშ ხვევენ ამას

“ეს არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებას თავი მოაწონონ, პატრიოტიზმის საფარველქვეშ ხვევენ ამას”, – ასე ეხმაურება ექსპერტი განათლების საკითხებში, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელი – თამარ მოსიაშვილი ინფორმაციას „დედაენის“ სკოლებში დაბრუნების შესახებ.
როგორც მოსიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, „დედაენა“ სკოლებიდან არსად წასულა და გოგებაშვილის მეთოდოლოგიით ბავშვები სკოლებში დღესაც სწავლობენ.
„ეს ახალი გადაწყვეტილება სინამდვილეში ძველი გადაწყვეტილებაა, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღეს, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ გოგებაშვილის „დედაენა“ უნდა დაებრუნებინა. გოგებაშვილის „დედაენა“ არც მაშინ და არც ახლა სკოლებიდან არსად იყო წასული. „დედაენის“ ადაპტირებული ვარიანტით, ანუ გოგებაშვილის მეთოდოლოგიით დღესაც სწავლობენ ბავშვები. უცნაური დამთხვევა გახლავთ ის, რომ მაშინაც მსგავსი ინიციატივა გაცხადდა 2011 წელს, როცა 2012 წელს არჩევნებს ველოდებოდით და ახლაც მსგავსი გადაწყვეტილება გაჟღერდა, როცა 2020 წელს ველოდებით არჩევნებს.
ვაბრუნებთ იმ სახელმძღვანელოს, რომლიც არსად წასულა. გოგებაშვილის მეთოდიკით ბავშვების სწავლობენ დაწყებით საფეხურზე ისევე, როგორც სხვა მეთოდიკებით. რაციონალური არგუმენტი იმისა, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მე ვერ მოვიძიე.
ამის მიზეზი რა არის, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ჩემი აზრი მაქვს. ეს არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას თავი მოაწონონ, პატრიოტიზმის საფარველქვეშ ხვევენ ამას. მეორე, ესეც გამოჩნდება – გარკვეული ჯგუფის ფინანსური ინტერესები, რომლებიც განაახლებს გოგებაშვილის „დედაენას“, შეიტანს და მიიღებს ფინანსურ სარგებელს. მთავარი პრობლემური მიზეზი, რაც ყველაფერ ამ მოვლენების უკანაა, ის გახლავთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომუშავე პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები მუდმივად ჩართულები არიან სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში. თავიანთი აზრით, ინტელექტუალური პროდუქტის შეფასებაზე იღებენ უფლებამოსილებას, რაც, წესით, არ უნდა იყოს მათი უფლებამოსილება, რადგან ჩინოვნიკი, პოლიტიკოსი, წიგნებს არ უნდა აფასებდნენ. გამოსავლად მიმაჩნია ასეთი პროცესების დისტანცირება გადაწყვეტილების მიმღებებისგან, რასაც სხვანაირად განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, დერეგულირება და დეპოლიტიზება ჰქვია.
ამ ყველაფრის პატრიოტული რიტორიკით გაძლიერებით, ჩემი აზრით, ჩვენი დიდი წინაპრის, საზოგადო მოღვაწის – იაკობ გოგებაშვილის სახელს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვამყოფებთ. იაკობ გოგებაშვილის პიროვნება, მისი ცხოვრების წესი ეფუძნებოდა განვითარებას. ის მიიჩნევდა, რომ რაც მან დატოვა, უნდა განვითარებულიყო“, – განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ბრუნდება.
პრემიერმინისტრის თქმით, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედაენა” ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან, რამაც საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა გამოიწვია.
„მაშინდელი ეპოქისა და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა. ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი – 25 პროცენტი მიმართოს განათლებაზე. ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ ქართულ სკოლებში დაგვებრუნებინა „დედაენა”. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედაენას” და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები, შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევ შეიყვარებენ ქართულ „დედაენას”, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ისევე, როგორც გვიყვარს ჩვენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა” სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება.
„სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები