ილჰამ ალიევის თანაშემწე: დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩვენს სამართლიან პოზიციას მომავალშიც დავიცავთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწის, ალი გასანოვის შეფასებით, 14 ივლისს დავით გარეჯთან განვითარებულ მოვლენებში მსხვილი ძალების გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება და მათ მიერ შიდა პოლიტიკური ძალებით მანიპულირების მცდელობა.
მისი თქმით, „საქართველოსა და აზერბაიჯანში გარე ძალების მიერ ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, მომხდარი ინციდენტით ისარგებლონ და ამგვარი მგრძნობიარე მომენტები ხელისუფლებისთვის ბრძოლისთვის გამოიყენონ“.
„დიდი ხანია, ისმის პროვოკაციული განცხადებები იმ ძალების მხრიდან, რომლებსაც კავკასიაში კონფლიქტის ახალი კერის გაჩაღების სურვილი ამოძრავებთ. მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის საკუთარი ამბიციების თავს მოხვევაა. ამისთვის ისინი ცდილობენ, ერთი  მხრივ, საქართველოში შიდა პოლიტიკური განხეთქილების შეტანას, მეორე  მხრივ – აზერბაიჯანში რადიკალური ჯგუფების მოწოდება, რომ მათ გაამწვავონ ეროვნულ-სამოქალაქო გრძნობები და ამ ფონზე დაპირისპირება შექმნან.
თუმცა, გვსურს, 2015 წელს თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი გავიხსენოთ, რომელიც დაპირისპირების ზღვრამდე მიიყვანა თურქეთი და რუსეთ. თუმცა, მხარეებმა დიპლომატიურ სკანდალს ბრძნულად დაახწიეს თავი. ანკარამ და მოსკოვმა პროვოკაციებს არ აყვნენ, გამოვლინდა დამნაშავე პირები. ამიტომ, ქართველები და აზერბაიჯანელები პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ“, – აღნიშნა გასანოვმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აზერბაიჯანის საზღვრების დემარკაციასა და დელიმიტაციასთან დაკავშირებული მსჯელობა არა მარტო საქართველოსთან მიმდინარეობს.
„თუ გადავხედავთ ისტორიას, დავრწმუნდებით, რომ „შამქორის“ სასაზღვრო ტერიტორია, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ერთადერთი სასაზღვრო ზოლი არ არის, სადაც საკითხთან დაკავშირებით ინციდენტი მომხდარა. აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენს დიპლომატებს და მესაზღვრეებს განხილვებში სიმშვიდე არასდროს დაუკარგავთ. ისინი დაჟინებით და პროფესიულად იცავდნენ ეროვნულ ინტერესებს, მათ აზერბაიჯანის სამართლიანი პოზიციის დაცვის საკითხში არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგამთ, რაც მომავალშიც მოხდება“, – განაცხადა ილჰამ ალიევის თანაშემწემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები