ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტი, მიუნხენში სტუდენტებთან შეხვედრისას, მათ დასმულ კითხვებს არ გაუღიზიანებია

„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართველი სტუდენტებისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტური ტყუილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი გაღიზიანებული არ ყოფილა და შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს მიმდინარეობდა.
„შეხვედრაზე არ თქმულა არცერთი სიტყვა, რაც გავრცელდა მედიასაშუალებებით. პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული. პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის – დავით გარეჯთან დაკავშირებით და მეტიც, შეხვედრა გაგრძელდა წინასწარ შეთანხმებულ დროზე მეტხანს. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება და არცერთი ის სიტყვა, რაზეც საუბრობენ სიუჟეტის რესპონდენტები”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ცნობისათვის, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენში სტუდენტებმა პრეზიდენტთან შეხვედრის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი 20 ივნისისა და დავით გარეჯის შესახებ მათ მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები