მეთოფიშვილი დოლიძე-ჯანეზაშვილს “პოლიტიკური დაკვეთის უნიჭოდ შესრულებაში” ადანაშაულებს

“ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პოლიტიკურ დაკვეთას უნიჭოდ ასრულებენ. არ აქვთ კომპეტენცია და არც განათლება”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის არამოსამართლე წევრების მიერ მოსამართლე ილონა თოდუას მისამართით დასმული კითხვები “შევარდნაძის დროინდელ ტენდენციურ დაკითხვას” ჰგავს.
“ნაზიბროლას არ აქვს ზნეობა, არც მორალი და არც სინდისი არ გააჩნია, ამიტომაც ლაპარაკობს უზნეოდ. შევარდნაძის დროინდელი ტენდენციური დაკითხვა გამახსენდა. მეც არ დამიკითხავს ბრალდებულები, როგორც ახლა ექცეოდა ქალბატონი ნაზიბროლა მოსამართლე ილონა თოდუას. თავისი არაკომპეტენტურობის გამო არც კი ესმის რაზე არის საუბარი, ეს არის მისი განათლების პრობლემა. მეტი არაფრის პრობლემა არ არის, ერთადერთი მან იცის “კლანი”, ჩინჩალაძე და ა.შ”, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
მეთოფიშვილის გამოსვლის შემდეგ, სხდომაზე სიტყვით გამოსვლა ანა დოლიძემ მოითხოვა, რაზეც საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უარი უთხრა და უპასუხა, რომ არამოსამართლე წევრების საქციელი დესტრუქციულია და სხდომის მიზანმიმართულ ჩაშლას ემსახურება.
“დესტრუქციული საქციელია რასაც აკეთებთ, ელემენტარული კულტურა არ გაქვთ, რომ კოლეგებს მოუსმინოთ. ეს არის მიზანმიმართული ქმედება ჩაშალოთ სხდომა”,- მიმართა გიორგი მიქაუტაძემ დოლიძეს.
რის შემდეგაც, სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძე აჟიოტაჟის ატეხვაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, დოლიძემ მეთოფიშვილს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი შეახსენა.
“დღის წესრიგი გახსოვთ, ბატონო სერგო?! ვიხილავთ ილონა თოდუას ქონების საკითხს”, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც კამათის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს დღევანდელ სხდომას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუაც ესწრება. თოდუამ განმარტებები გააკეთა მის მიმართ 15 ივლისს ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე. კამათი საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრებს შორის ამ საკითხის განხილვას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ილონა თოდუამ მის სახელზე გაფორმებული საცხოვრებელ ბინა 2014 წელს დედამისს გადაუფორმა, ხოლო ამის შემდეგ კი, სადაც საცხოვრებლად გადავიდა იმ ბინის თანხას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები