გარემოს დაცვის საკითხებზე “ახალი სკოლის მოდელის” ექსპერტებისთვის ტრენინგები ჩატარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში “ახალი სკოლის მოდელი” ჩაერთო.
ცენტრის ინფორმაციით, მათმა წარმომადგენლებმა 5 დღის მანძილზე პროექტისათვის შერჩეულ კურიკულუმის ექსპერტებს გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს. ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, რომლის დროსაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ დავალებებს ამუშავებდნენ. პრაქტიკული დავალებები გარემოსდაცვითი საკითხების არა მარტო ფორმალურ, არამედ არაფორმალურ სწავლებაში ასახვასაც მოიცავდა.
დატრენინგებული პირები სექტემბრიდან პროგრამისთვის შერჩეულ სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობაზეც იმუშავებენ, რაშიც ტრენინგების განმავლობაში შედგენილი აქტივობები დაეხმარებათ.
„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები