თეიმურაზ კუპატაძე: აზერბაიჯანული მესაზღვრეების განმარტებით, კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანეს

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ხატები შეუთანხმებელ ტერიტორიაზე არსებულ სამლოცველოებში ამინდების გაუარესების გამო ზიანდებოდა და აღნიშნული მათ რომ არ დაბრალებოდათ, სწორედ ამიტომ გადაიტანეს მონასტერში.
შესაბამისი კომენტარი კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა – როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს”, – განაცხადა კუპატაძემ.
ამასთან, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ გარკვეულ კელიებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საპირფარეშოებად იყენებენ.
“მერწმუნეთ, მსგავსი რამ იქ არ ხდება. როგორც თვითონ განმარტავენ, ქაღალდებსა და ნაგავს იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები. ეს იყო ძველი, დარჩენილი ნაგავი, როცა ტურისტებს იქ გადაადგილების საშუალება ჰქონდათ. თვითონვე დაასუფთავეს ეს ადგილები და პირობა მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კელიებია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გადაადგილდებიან, ამიერიდან ივლიან მხოლოდ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე”, – განმარტა კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები