უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ” ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს.
შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, ვინ არიან უშუალოდ შეხვედრაში ჩართულები.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილია. გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული შეხვედრაც, სავარაუდოდ, დავით გარეჯში აზერბაიჯანელებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი უწყებიდან გარეჯში არავინ იმყოფება.
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები