ანა დოლიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე, „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის წევრები – ბიძინა გეგიძე და აკაკი ზოიძეც ესწრებოდნენ.
ანა დოლიძის თქმით, ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე კეთილსინდისიერი ხალხი მოხვდეს.
„დღევანდელი შეხვედრა მანიშნებელია, რომ ვაპირებთ, უზრუნველვყოთ მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობა და ვიბრძოლოთ, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე კეთილსინდისიერი ხალხი მოხვდეს. გვიხარია, რომ ეს პარლამენტი გახსნილია არა მხოლოდ გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელსაც ხვდებოდა ირაკლი კობახიძე, არამედ – ხალხისთვის. ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, მე, ნაზი ჯანეზაშვილი მობილიზებულნი ვართ, რათა ყველაფერი გავაკეთოთ კანონმდებლობის ფარგლებში, რომ კეთილსინდისიერი და გამორჩეული ადამიანები შეირჩნენ უზენაესი სასამართლოსთვის“, – განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძე ასევე პარლამენტში ჩუქებებსა და გარიგებებზეც საუბრობს. მისი თქმით, ილონა თოდუას შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე თვალთმაქცურ ჩუქებას ეხებოდეს.
„შემთხვევა ყოფილა პარლამენტშიც, როცა მამამ აჩუქა, ეს არის თითქოს, კორუფციული გარიგების გადაფარვის საშუალება. ამ მოსამართლის შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს თვალთმაქცურ ჩუქებას. უცნაურად ემთხვევა შემოსავლის მიღება საცხოვრებელი ქირის მეშვეობით და მისი მხრიდან ბინის გადაფორმების ფაქტი. ამას შესწავლა სჭირდება, მაგრამ აღნიშნული ტენდენცია გავრცელებულია, მათ შორის პარლამენტში. აღმოჩნდება, რომ გული გაეხსნებათ და მოუნდებათ, მშობლებმა აჩუქონ ბინები და ათასობით დოლარები. ამგვარ გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს“, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, ილონა თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა 50-კაციან სიაშია.
დღევანდელ შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ასევე​ განაცხადა, რომ მას აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასრტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება. გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პარლამენტისთვის წარსადგენ 20 კანდიდატს შეარჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები