ივანიშვილი ტუსკზე: განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როცა მან ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა ვაჟა ფშაველას ნაწარმოების ქართულად წაკითხვისთვის. მისივე თქმით, ამით მან საქართველოს მოსახლეობის მოხიბვლა შეძლო.
“მახსოვს ჩემი პრემიერმინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავუხადე დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში – როგორც პოზიციას, ისე – ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები