მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ მთელს მსოფლიოს დაანახოს, თუ რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა აქვს ევროკავშირს

“საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ მთელს მსოფლიოს დაანახოს, თუ რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა აქვს ევროკავშირს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორობის შექმნამ ბიძგი მისცა მოდერნიზაციისა და 6 პარტნიორი ქვეყნის აქტიურ ჩართულობას.
​„კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ რუკაზე დაიტანა საკუთარი თავი, სადაც ოფიციალური პირები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ გზას განიხილავენ, არამედ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას.
​ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, რომ შექმნილიყო პარტნიორობა, ბიძგი მისცა მოდერნიზაციისა და 6 პარტნიორი ქვეყნის აქტიურ ჩართულობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ სერიოზული წარმატების ისტორიაც ჰქონდა.
აღნიშნულ წარმატებებს შორის შეგვიძლია, საქართველოც ჩავთვალოთ, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ მთელს მსოფლიოს დაანახოს, თუ რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა აქვს ევროკავშირს.
უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომელთაც ჭეშმარიტად სწამდათ ამ მიმართულებისა და საქართველოს ერთგული მეგობრების გარეშე, როგორიც არის პრეზიდენტი ტუსკი. მაღალ შეფასებას ვაძლევ ყველაფერ იმას, რაც გააკეთა საქართველოსა და ევროპისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები