საყვარელიძე პროპორციულ სისტემაზე: ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პოლიტიკა ქუჩიდან პარლამენტში გადაიყვანოს
“ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ პოლიტიკა ქუჩიდან პარლამენტში გადაიყვანოს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. ბუნებრივ ბარიერს გულისხმობს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 -%იანი ბარიერი ურჩევნია, რადგან ასე პატარა პარტიებს ჩამოიშორებს.
“3 %-იანმა ბარიერმა შეიძლება, ბევრი პარტია ჩამოაჭრას, ორკაციანი პარტიები რომაა. “ნაციონალური მოძრაობა“ პარტიების დიდ ნაწილს მოიშორებს. ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჯერ ეს ერთი, დარჩება, როგორც წამყვანი ოპოზიციური ძალა.
ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ პოლიტიკა ქუჩიდან პარლამენტში გადაიყვანოს. ამიტომაა, რომ პატარა პარტიები ჩაერთვნენ ამ პროცესში და უნდათ, არჩევნებამდე მიაღწიონ. დიდ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებამდე მიღწევა უნდათ თუ არა, კაცმა არ იცის“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.
თამუნა შეყილაძე