გია აბაშიძე: იყო ამ აქციის დაშლის გადაუდებელი აუცილებლობა
„აშკარაა, პარლამენტზე იყო იერიში და სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი. შტურმის დროს პოლიციელთ შინაგანაწესი გულისხმობს ლეტალური იარაღის გამოყენებასაც“, – ეს განცხადება ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარეობდა ორგანიზებულად წაქეზება და მრავალსაათიანი შტურმი პარლამენტზე და საზოგადოება თანხმდება, რომ გამოძიება უნდა იყოს დაბალანსებული, მართლზომიერი.
„გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მე ვერ ვილაპარაკებ. ჩვენ პოლიტიკურად ვაფასებთ პროცესებს, სამართლებრივად შეაფასებენ სამართალდამცველები. ჩანს ის, რომ პარლამენტზე იყო იერიში და სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი იმიტომ, რომ როდესაც მიმდინარეობს შტურმი პარლამენტზე, პროტოკოლით და შინაგანაწესით პოლიციელთა ქმედება სხვაგვარია, მათ შორის გულისხმობს ცეცხლსასროლი, ლეტალური იარაღის გამოყენებასაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზებულად მიმდინარეობდა წაქეზება და მრავალსაათიანი შტურმი პარლამენტზე. ხაზგასმით ყველანი ვთანხმდებით, რომ შიგნითაც და გარეთაც გამოძიება უნდა იყოს დაბალანსებული, მართლზომიერი, მათ შორის იმ ძალის გადამეტებაზეც, რომელიც მოხდა“,- განაცხადა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა კონვენციაზეც და აღნიშნა, რომ კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, სიცოცხლის ხელყოფად არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედება, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა.
„სიცოცხლის ხელყოფად არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედება, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა, კანონიერ ღონისძიებად გამოიყენება აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად. ეს არის ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის მეორე მუხლი. მთავარი იქნება დროული, სწრაფი და გამჭირვალე გამოძიება, რომელშიც ჩართულია სახალხო დამცველი და დაველოდებით. არ უნდა ჩაგვითრიონ ოპონენტებმა და სხვა სატელიტებმა, რევანშისტულ-დესტრუქციული სეგმენტიდან, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი აქციის დარბევა. იყო სხვადასხვა კომპონენტები, გადაუდებელი აუცილებლობა შტურმის მოგერიებისა და შემდეგ ამ აქციის დაშლისა“,- აღნიშნა გია აბაშიძემ.
ექსპერტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მშვიდობიანი აქციების დარბევის ფაქტებს და ამ დარბევის დროს ოპოზიციის დაზარალებულ ლიდერებს იხსენებს.
„როდესაც მე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში მახსენდება მშვიდობიანი აქციის დარბევა-დაშლები, მახსენდება ოპოზიციის მაშინდელი ლიდერები, როდესაც ისინი მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს დაზარალდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციის ახლანდელ ლიდერებზე. გვახსოვს კობა დავითაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ზურა აბაშიძე, ჩვენ გვახსოვს გია მაისაშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და არის დიდი ეჭვები, რომ შეიძლება სიმსივნე განუვითარდა“,- ამბობს გია აბაშიძე.