ელენე ხოშტარია: ივანიშვილს დღეს უნდა, მოიგონოს გადატრიალების ვერსია და „ოცნება“ მორჩილად არეგისტრირებს ამ დადგენილებას
„ქართული ოცნების“ დეპუტატები არღვევენ კანონსა და მორალურ საზღვრებს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ყველანაირი დემოკრატიობანას თამაშის გარეშე, მორჩილად, ერთხმად ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, არღვევენ კანონსა და მორალურ საზღვრებს, რადგან დადგენილებაში, მას შემდეგ, რაც თვალები აქვს ხალხს დათხრილი, „ოცნება“ საუბრობს ძალის შესაძლო გადამეტებაზე. ძალის გადამეტების ფაქტები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა, მათთვის არაფერს ნიშნავს. ივანიშვილს დღეს უნდა, მოიგონოს გადატრიალების ვერსია და „ოცნება“ მორჩილად არეგისტრირებს ამ დადგენილებას. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, პროკურატურამაც ეს ვერსია შეთხზა, დეპუტატებიც ამას თხზავენ“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებისა და შეთხზვის ადგილად გადაიქცა.
„სამწუხაროდ, დღეს პარლამენტი გადაიქცა ღიად ივანიშვილის დაკვეთებისა და შეთხზვის ადგილად, ოღონდ ეს მათ არაფერს უშველის, რაც უნდა მოიგონო, ლამის ის, რომ გავრილოვი ოპოზიციამ ჩამოიყვანა, აბსოლუტურად ცხადია, რომ ამით ისინი საზოგადოებრივ პროტესტს არა თუ ვერ ჩაახშობენ, ამით ღრმა კრიზისს მიიღებენ“, – განაცხადა ხოშტარაიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა. დადგენილების პროექტი 10-პუნქტიანია.