სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე წარდგენას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე წარდგენას ულოცავს.

„საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს ევროკავშირს წინასწარი შეთანხმების მიღწევას ორი ძლიერი ქალის ურსულა ფინ დერ ლაიენისა და კრისტინ ლაგარდის წარდგენის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს მათ. კრისტინ ლაგარდი, გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად წარდგენას. თქვენი საერთაშორისო ლიდერობა და პასუხისმგებლიანი მენეჯმენტი ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიტიურ გზას გააგრძელებს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ამბობს, რომ მასთან თანამშრომლობას ელოდება.

„ვულოცავ ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშენს ევროპული საბჭოს მომავალ პრეზიდენტად დანიშვნას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას ევროპისკენ საქართველოს გზაზე წინსვლისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

სალომე ზურაბიშვილი ასევე ეხმაურება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟოზეფ ბორელ ფონტელესის კანდიდატურის წარდგენას.

„მოხარული ვარ, შევიტყო ევროკავშირის საბჭოს მიერ ჟოზეფ ბორელ ფონტელესის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად წარდგენა. საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირთან სექტორალური ინტეგრაციის გაძლიერებისკენ და მე ველოდები ამ გზის დინამიურ გაგრძელებას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები