ვლადიმერ კონსტანტინიდი: ქართულმა მხარემ, ტრადიციულად, სიმწვავით დააყენა ის საკითხები, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვსვამთ ჟენევის ფორმატში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმები თავს არიდებენ იმ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარს, რომლებზეც ვალდებულება აქვთ აღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. მისი განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდისას რუსულ მხარეს გარკვეული საკითხების დაყენება არ სურს, რადგან თავისი პოზიციის სისუსტე იცის.
„ეს გახლდათ 48-ე რაუნდი, რომელზეც ქართულმა მხარემ, ტრადიციულად, სიმწვავით დააყენა ის საკითხები, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვსვამთ ამ ფორმატში. ეს საკითხები, ძირითადად, გამომდინარეობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან. პირველ ყოვლისა, არის ჩვენი მოკლული მოქალაქეების საქმეზე სამართლის აღსრულების დაჩქარება, უკანონო ბორდერიზაცია, გამალებული მილიტარიზაცია რეგიონში და იქ არსებული რთული ვითარება როგორც ჰუმანიტარული, ისე – უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ის საკითხები, რომლებიც აქტუალურად დაისვა, მოგეხსენებათ, არის გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ამუშავება. განსაკუთრებული სიმწვავით დავსვით, ასევე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტილიყო ენგურის გადასასვლელი, რამაც კიდევ უფრო გაართულა მოქალაქეების ისედაც რთული მდგომარეობა.
განსაკუთრებით, ეს ეხება ჩვენს იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობოდ და უსაფრთხოდ დაბრუნებას. შესაბამისად, ამ რაუნდშიც იმ სცენარით წარიმართა პროცესები, როგორც წინა რაუნდებში. მათ არ უნდათ ამ საკითხების დაყენება, რადგან აშკარად იციან თავიანთი პოზიციის სისუსტე. შესაბამისად, ასეთი ფორმითა და მეთოდით თავს არიდებენ ამ საკითხებზე საუბარს, რომლებზეც ვალდებულება აქვთ აღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ცნობისათვის, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები