ირაკლი ოქრუაშვილი: კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ…
“სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით, შუშის სასახლეში როდის შევარდებით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი წერს, რომლის გამოკითხვასაც შსს ითხოვს.
“როგორც იქნა, ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე, სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევარდებით.
19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია, უფრო ახლოს გადმოვცვალო.
28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ, გამაგებინეთ, თუ არა, 2-ში საქმეზე მივდივარ-მეთქი. თუ რამე გინდოდათ მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს.
აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ”, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, გია ბარამიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს.
გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.