გიგი უგულავა: მაგისტრ მოსამართლესთან ყველა დეტალზე საუბარს ვაპირებ, რაც ხელისუფლებას ამხელს
„როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ, რომ, თურმე, აქციის დაშლა არ ყოფილა და მოგერიება იყო, თურმე, სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითდინებით, გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და მათ არანაირი ბრძანება ჰქონიათ, სახეზეა გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. ამიტომ იმისათვის, რომ სიმართლე დადგინდეს, ის მაგისტრ მოსამართლესთან ყველა დეტალზე საუბარს აპირებს, რაც ხელისუფლებას ამხელს.
“ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და ამიტომ ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა იმისთვის, რომ სამართლებრივად დამაგრდეს სიმართლე და საზოგადოებამ ახლა თუ არა მერე მაინც გაიგოს, რადგან ახლანდელი გამოძიების იმედი არ მაქვს. ამიტომ, ვაპირებ, მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს. ხელისუფლებამ, რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და, მოლაპარაკების ნაცვლად, რომელიც მათივე მხრიდან იყო ინიცირებული, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა“, – აცხადებს უგულავა.