“საშინელებაა, როდესაც უყურებ მომაკვდავ შვილს და ვერ შველი”

აჩიკო ბაირამოვი 5 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა. იგი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ საწოლს არის მიჯაჭვული. 30 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამჟამად არის უმძიმესი – მთელი სხეული ატროფირებულია, გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები.

“გასულ წელს, როგორც კი გავიგეთ ამ შემზარავი ამბის შესახებ, მომენტალურად გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია აჩიკოს დასახმარებლად. მასში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო. ჩვენ შევიძინეთ ძვირადღირებული მედიკამენტები და გადავეცით აჩიკოს დედას. კიდევ ერთხელ გვინდა უღრმესი მადლობა მოვახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ამ ოჯახის დიდი ტკივილი. სამწუხაროდ, აჩიკო ბაირამოვის ჯანმრთელობა ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა. იგი კვლავ ვერ მოდის გონს,  ძალიან უჭირს სუნთქვა, ტანზე გაუჩნდა ჩირქოვანი ნაწოლები. თუ ასე გაგრძელდა,  ახალგაზრდა კაცი განწირულია სიკვდილისთვის. მეგობრებო, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და აუცილებლად უნდა გავუწოდოთ მას დახმარების ხელი! საკითხი ეხება ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს!”,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

ფონდის წარმომადგენელი აჩიკო ბაირამოვის დედას, ჯამილას ესტუმრა და მას რამდენიმე კითხვით მიმართა:

-გეხმარებათ თუ არა ქალაქის მერია?

ჯამილა: მერია იძლევა წამლების ფულს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ჩემს შვილს ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, ამის საშუალება კი არ გაგვაჩნია. მაგალითად,  ნაწოლების მალამო, რომელიც 100 ლარი ღირს, 1 თვეც კი არ ჰყოფნის. განსაკუთრებით ძვირია ეპილეფსიის წამლები, 300 ლარამდე ჯდება.

-ჯანდაცვის სამინისტრო თუ გეხმარებათ?

ჯამილა: მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მასაჟის კურსის დაფინანსების თაობაზე. გამომიყვეს 300 ლარი, არადა საჭირო იყო 3000 ლარი. საიდან უნდა მომეტანა ეს ფული. შესაბამისად, ვერ ჩავუტარეთ აჩიკოს მასაჟის კურსი, რასაც მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.

-ვინმე გეხმარებათ?

ჯამილა: მეზობლები მეხმარებიან, თქვენი ფონდი დამეხმარა… ძალიან მწყდება გული, რომ ხელისუფლება არ აქცევს ჩემს შვილს სათანადო ყურადღებას. შარშან ჩვენ სოციალური შემწეობაც კი მოგვიხსნეს და მხოლოდ თქვენი ფონდის ჩარევის შემდეგ კვლავ დაგვინიშნეს ფულადი დახმარება. თანხა არის მიზერული, მაგრამ ჩვენთვის თითოეული თეთრი ბევრს ნიშნავს.

-უაღრესად რთულია დედისთვის უცქირო მომაკვდავ შვილს…

ჯამილა: ჩემი გული მკვდარია. ღმერთს შევთხოვ, რომ ასეთი ტრაგედიას აშოროს ყველა დედას, ყველა ადამიანს. ახლა სასოწარკვეთაში ვიმყოფები, რადგან საშინელებაა, როდესაც უყურებ მომაკვდავ შვილს და ვერ შველი მას… სადღაც გულის კუნჭულში მაინც ვფიქრობ, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, გაუწვდიან აჩიკოს დახმარების ხელს და გაუხანგრძლივებენ სიცოცხლეს.

“მეგობრებო, აჩიკო ბაირამოვის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს თანადგომაზე. მოდით, კვლავ დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდში და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ აჩიკო და პირადად გაუწიოთ მას დახმარება. მისამართი: თბილისი, კვანტალიანის 108, ტელ.: 555642894. მას ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური კვება.

დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჩიკო ბაირამოვი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები