ჭიჭინაძე პროპორციულ სისტემაზე: არ მგონია, ასე ადვილი იყოს იმ ფორმულის მოგონება, რითიც ადამიანები ვიღაცას მიეკერებიან, ხმას გაუყოფენ

“იმ მოდელში, რომელშიც, ბუნებრივი, ბარიერია, „ქართულ ოცნებას“, პრაქტიკულად, შანსი აღარ აქვს, იყოს უმრავლესობაში”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭიჭინაძემ პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. დეპუტატი „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ბერძენიშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის შესახებ გააკეთა.
„პრეზენტაციაზე„ქოცებთან“ ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცების“ უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რამდენიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ დეპუტატობის მისაღებად გაერთიანდა.
„მე არ მგონია, რომ ბერძენიშვილის პარტია იყოს მსხვილი პარტია, ვინმესგან რამით განსხვავდებოდეს. თუ ყიდვა-გაყიდვაზე არის საუბარი, მე ვფიქრობ, არც ისინი არიან იდეოლოგიურად სააკაშვილთან მისულები, ისინიც რაღაცის გულისთვის არიან მისულები, დეპუტატობისთვის. თუ გვინდა, ისეთი მოდელი მივიღოთ, სადაც უმრავლესობაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და სხვა პარტიები არა, ეგეთი მოდელი ამ ქვეყანაში არ იარსებებს  იმიტომ, რომ ხალხის მხარდაჭრას ვხედავთ. როგორც კი თუნდაც მიტინგებზე მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება, მიტინგებიც იშლება და, შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერაც ნაკლებად არის. იმაზე კი არ არის მთავარი აქცენტის გაკეთება, ვინ არის მოსყიდული. უკვე ოპოზიციამ ერთმანეთს ბრალდება დაუწყო, ეს არის არასწორი. თუ რამის ცვლილება უნდათ, ვფიქრობ, კონცეპტუალურად უნდა შეთანხმდნენ, რისი მიღწევა უნდათ. იმ მოდელში, რომელშიც, ბუნებრივი, ბარიერია, „ქართულ ოცნებას“, პრაქტიკულად, შანსი აღარ აქვს, იყოს უმრავლესობაში. ის, რომ „ოცნება“ შექმნის სატელიტ პარტიებს, თითო კაცის პარტიებს, არჩევნებში ადამიანს ერთი ხმა აქვს, თუ ვინმე სატელიტს მისცემს, ის ივანიშვილის პარტიას ვეღარ მისცემს ხმას. არ მგონია, დღეს ასე ადვილი იყოს იმ ფორმულის მოგონება, სადაც, რეალურად, ადამიანები ვიღაცას მიეკერებიან, რაღაცნაირად გაუყოფენ ხმას. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ გაუყოფს ვერავის ხმას, ვერც „ქართული ოცნება“, მათ ეს თავად სჭირდებათ იმიტომ, რომ არ აქვთ იმდენი ხმა. ეს ყველაფერი ერთმანეთის სიძულვილით მიღებული ხმებია – გინდა „ქართული ოცნების“ და გინდა „ნაციონალური მოძრაობის“. თავის დროზე ივანიშვილმა დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა თქვა, შუა უნდა გაიკრიფოსო, ორი პოლტიიკური ძალა დატოვა. ამ რყევებისგან ვხედავთ, რომ ქვეყანა წინ არ მიდის, მიდის უკან. თუ მოსახლეობას სურვილი აქვს ვინმეს არჩევის, ამის საშუალება უნდა მიეცეს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები