დიმიტრი ხუნდაძე: კოჰაბიტაცია იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით, მიუღებელია
„კოჰაბიტაცია იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით, მიუღებელია“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, სიძულვილის ენა საქართველოში მიუღებელია.
„ჩვენი და საზოგადოების ძირითადი ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა” და ეს „ევროპული თუ აზიური ნაციონალური მოძრაობაა”. აქ, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენია, მაგრამ თუნდაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” ორ ათეულზე მეტი წარმომადგენელი იჯდა პარლამენტში, დღეს კიდევ უფრო მეტია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვენ არ შემოგვიყვანია, ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაც. ჩვენი პასუხისმგებლობაც დიდია, განსხვავებულად დიდი, ვიდრე უბრალო მოქალაქის, რადგან ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და პოლიტიკას ჩვენ წარვმართავთ, ამიტომ ჩემი და ჩემი გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა ათჯერ მეტია, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა. თუმცა სამართლიანობას მხოლოდ საზოგადოება ვერ აღადგენს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალეულობაცაა. ჩვენ იმ ხარისხში, რა ხარისხშიც შევპირდით საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას, ვერ მოვახერხეთ. ბევრი რამ დავიწყებას არის მიცემული, მაგალითად, ადამიანებისთვის ქუჩაში განაჩენის გამოტანა; ღამით ბიზნესების გადაფორმება; შეძახილი – „ყველანი ციხეში”…. და რაც ვთქვი, საუბედურო სტატისტიკა, საბედნიეროდ, დღეს აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ბევრი რამ კიდევ არის შესაცვლელი. არა ერთხელ მითქვამს, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია და საქართველოში არ შეიძლება იყოს მზაობა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ, მაგრამ კოჰაბიტაცია იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით, გარკვეულწილად მიუღებელია”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება და მსხვერპლი.
„სამწუხაროა, რომ მშვიდობიანი აქცია შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა, მაგრამ მე, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს, მაქვს მეტი ინფორმაცია და მინდა გითხრათ, ჩვენ თავიდან ავიცილეთ სახელმწიფო გადატრიალება და თავიდან ავიცილეთ მსხვერპლი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე ვერ დავასრულეთ ეს პროცესი, ის შეიძლებოდა კიდევ უფრო მძიმე ყოფილიყო. „ნაცმოძრაობის” გეგმა ხელისუფლებაში მოსვლისა არის მხოლოდ დესტრუქციული ხასიათის. „ევრონაცები“ არიან თუ „ნაცები“, ერთ პოლიტიკურ ყალიბს გულისხმობს ხალხი, რომლის ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივია. მათი სტრატეგია იყო თითქოს, რომ გაიყვნენ, „ნაცებს“ „ევრონაცები“ გამოეყვნენ. მე ადრეც აღვნიშნე და ასეთი შეფასება გავაკეთე, რომ ვერცხლის წყალივით დაიფანტნენ, ალბათ, ეს მათი ტაქტიკური სვლა იყო და ვხედავთ, არაერთხელ ისევ ვერცხლის წყალივით შეერთდნენ. და თითქოს ზოგიერთ თემატიკაში „ევრონაცები“ ძირითად ნაცებს ემიჯნებიან, მაგრამ, როცა კი მათ შანსი ეძლევათ, როცა კი მათ აქვთ პირობა იმისა, რომ თავისი დესტრუქციული ხასიათი გამოამჟღავნონ”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე. საზოგადოებამ იხილა ჩაფხუტების წართმევა, ქვების სროლა, რკინის კონსტრუქციების დაშლა, შეტაკება და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგონა, როგორ აგინებდნენ პოლიციელებს და ემუქრებოდნენ, როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ.
„ახალგაზრდებმა, ვინც იყვნენ აბსოლუტურად გულწრფელები, არ მიუშვეს პოლიტიკოსები სცენაზე, მათ არ მისცეს მიკროფონი, არ მისცეს ასპარეზი, მაგრამ გვიან საღამოს უკვე, როცა ეს გულწრფელი ადამიანები პროტესტის გამოხატვის შემდეგ დაბრუნდნენ სახლში, ის აგრესიული ძალა, ერთი ნაწილი პროტესტანტების ჯგუფისა იყო, რა თქმა უნდა, მათთვის მართვადი და ეს გულწრფელი დამოკიდებულება გამოიყენეს იმისთვის, რომ ეცადათ, შეჭრილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. თქვენ ნახეთ სცენა, სანამ ძალადობრივი შეხლა-შემოხლა დაიწყებოდა, ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე და მათ სანტიმეტრი არ გადმოუწევიათ წინ. თქვენ ნახეთ ჩაფხუტების წართმევა, ქვების სროლა, რკინის კონსტრუქციების დაშლა, შეტაკება და ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი იყო, სხვათა შორის, იქ, მათი მონაყოლი ვიცი, როგორ გამოჰყავდათ პოლიციელები კორდონიდან და ცოლ-შვილს აგინებდნენ და ემუქრებოდნენ, როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, მერე ენახათ მათი სურათი. არადა ეს სურათი ნანახი გვაქვს. ალბათ, გახსოვთ 2003 წლის შემდეგ 2012-მდე პატიმართა რიცხვი 25 000-მდე გაიზარდა და ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი გამოდიოდა სასჯელაღსრულების სისტემიდან. მე ამ ციფრს არ ვამბობ შემთხვევით მოტანილს, ზუსტ სტატისტიკას მოგახსენებთ – ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ” უკვე აიღო ეს პასუხისმგებლობა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და ერთ-ერთმა დეპუტატმა მანდატი დატოვა.