არჩილ თალაკვაძე: მთელი საზოგადოების რეაქცია არის – არა ძალადობას და ძალადობრივ სცენარს
მთელმა საზოგადოებამ გადაიხადა ამის ფასი, რაც იქ უპასუხისმგებლო ადამიანებმა გააკეთეს იმ დღეს – ეს ფასი გადაიხადეს პოლიტიკოსებმა, გადაიხადა ირაკლი კობახიძემ, გადაიხადეს ახალგაზრდებმა, რომლებიც დაშავდნენ, ჟურნალისტებმა და პოლიციელებმა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, TV პირველის” პირდაპირ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„მთელი საზოგადოების რეაქცია არის არა ძალადობას და არა ძალადობრივ სცენარს. ახლა უნდა გავარკვიოთ ვინ იყო ამ ძალადობრივი სცენარის ორგანიზატორი და ვინ მოუწოდებდა ამ ხალხს ძალადობისკენ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გამოკითხული იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, შესაძლოა, ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.
„გამოძიება არის დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც მოიცავს მასობრივი არეულობისკენ მოწოდებას, წაქეზებას და ამ საქმის ფარგლებში, ყველა ის ადამიანი, ვინც, შესაძლოა, მონაწილეობდა, მოუწოდებდა და აქეზებდა ადამიანებს ძალადობისკენ, იქნება გამოკითხული და მოხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იქნება ერთზე მეტი ადამიანი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად, მაქვს განცდა, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც დაკავება-არ დაკავებაზე, სადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეფასებაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები და არა პოლიტიკოსები”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.