არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო, დაეცვა საზოგადოება ძალადობრივი სცენარისგან და დაეცვა პარლამენტი ძალადობრივი შეჭრისგან
გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან – ეს არის მისი, როგორც მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ TV პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, ჩატარდეს გამოძიება და მიღებულ იქნას კონკრეტული ზომები.
„შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას თუ განვიხილავთ მისი პასუხისმგებლობა, როგორც მინისტრის, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან. ეს არის მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც მინისტრის. ასევე, თუ მისმა თანამშრომლებმა გადააჭარბეს ძალას, მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და დააზიანეს მოქალაქეები, მისი პასუხისმგებლობა არის, რომ ამაზე იყოს გამოძიება და მან მიიღოს კონკრეტული ზომები, სადაც კითხვებს გაეცემა პასუხი.
ვინაიდან, საერთო ჯამში, საპოლიციო დანაყოფების მოქმედებებს ჩვენ ვადევნებდით თვალს და კითხვები გვაქვს კონკრეტულ შემთხვევებზე, იყო ეს ათი, ოცი თუ შესაძლოა მეტი შემთხვევა, ჩვენ ამ შემთხვევებზე, პარლამენტი და საზოგადოება, ველოდებით რეაგირებას. ჩვენ გვინდა რეაგირება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.