კანადელ დეპუტატს აეროპორტში ნატოს საიდუმლო დოკუმენტები დარჩა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიმავალმა კანადელმა დეპუტატმა ჩერილ გალანტმა სიჩქარეში დოკუმენტები დაკარგა. საბუთები, რომელშიც კანადის შიდა პოლიტიკა დეტალურად იყო აღწერილი, ოტავის აეროპორტში ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა შეილა კოპსმა იპოვა. დოკუმენტებში, ქვეყნის შიდა პოლიტიკის გარდა, იყო ავღანეთზე და სირიის კონფლიქტებზე მონაცემები, ფაქტები, რომელიც რუსეთს და ჩინეთს შეეხებოდა, ასევე ბრიტანეთის მოხსენება, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეეხებოდა. ,,ეს იყო ნამდვილი განძი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც კანადის შიდა პოლიტიკა აინტერესებს“, – ამბობს შეილა კოპსი. დეპუტატის წარმომადგენელი საბუთების დაკარგვას ადასტურებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსს ძალიან ეჩქარებოდა.