ირაკლი კობახიძე: პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა მძიმე მოვლენა იყო

“რაც მოხდა პარლამენტის შენობაში – ვგულისხმობ რუსი დეპუტატის ჯდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, იყო ძალიან მძიმე მოვლენა და, რა თქმა უნდა, საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარემდე”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, მან თავად შესთავაზა გუნდს, რომ დატოვებდა თანამდებობას და ამ მიზნით ესაუბრა კიდეც მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება პარლამენტის შენობაში. აქედან გამომდინარე, რაც მოხდა პარლამენტის შენობაში – ვგულისხმობ რუსი დეპუტატის ჯდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, იყო ძალიან მძიმე მოვლენა და, რა თქმა უნდა, საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარემდე. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე და ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება რუს დეპუტატთან ფოტოს გადაღებას – კობახიძის თქმით, ეს იყო პროვოკაცია შინაარსობრივად და ფოტოს გადაღების დროს ვერავინ გაიქცეოდა.
“როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ბუნებრივია, ვინც უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ესეც, სამწუხაროდ, ერთგვარი პროვოკაცია იყო. ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ მეორე დღეს ვიხილეთ. ეს შეგნებული იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, თავისთავად პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის, რა არის კონტექსტი და, ბუნებრივია, სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს ამ კონტექსტის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები