“უმაქნისი ლიაშკოსგან განსხვავებით, ოდესაში გზები მაინც დავაგე” – სააკაშვილმა და ლიაშკომ პირდაპირ ეთერში იჩხუბეს

უკრაინული ტელეკომპანია Наш-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და უმაღლესი რადას დეპუტატი, ოლეგ ლიაშკო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება წამყვანის მიერ დასმული კითხვის შემდეგ დაიწყო, რომელიც იმ ოჯახების საჭიროებებს ეხებოდა, სადაც ავადმყოფი ბავშვები ჰყავთ.
პროგრამის ყველაზე ხმამაღალი ნაწილი  ლიაშკოს კომენტარს მოჰყვა.
“მოურიდებელი კითხვა: თქვენ და სხვა დეპუტატებს არ გსურთ, რომ კონჩა-ზასპას რაიონში მცხოვრები ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების სამკურნალოდ მილიონი დოლარი ქველმოქმედების სახით გამოყოთ? ეს ბევრად ნაყოფიერი იქნებოდა, ვიდრე, უბრალოდ, ლაპარაკი ამაზე”, – უთხრა სააკაშვილმა ლიაშკოს.
რადას დეპუტატმა კი საპასუხო კითხვით მიმართა სააკაშვილს, სურს თუ არა ყოფილ ქართველ პოლიტიკოსს სამშობლოში დაბრუნება, სადაც პატიმრობა ემუქრება.
“და თქვენ არ გინდათ, რომ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდეთ, სადაც 6-წლიანი პატიმრობა გემუქრებათ?”, – უპასუხა ლიაშკომ.
პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა კი დეპუტატს “მოლაყბე” და “უმაქნისი” უწოდა.
“მე ოდესაში გზები მაინც დავაგე, მოლაყბე და უმაქნისი, არაფრისამშენებელი ლიაშკოსგან განსხვავებით”, – თქვა სააკაშვილმა, რის შემდეგაც პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ერთ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა და წამყვანმა მათი დამშვიდება ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები