მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას, ჩვენ მას ასე ვიცნობთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელეს. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებისას უმრავლესობის ცალკეული დეპუტატების პოზიციასთან დაკავშირებით არანაირ სანქციებზე არ ყოფილა საუბარი.

„ბევრი საკითხი განვიხილეთ, მიმდინარე საკითხები, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური. ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებითაც, იყო ძალიან ზოგადი საუბარი და რაიმე სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ნეიტრალური მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ეს მოლოდინი იყო დღეს მედიაში, მაგრამ არ გამართლდა, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით, რადგან განსხვავებული აზრისა და თუნდაც, ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო, ჩვენი გუნდის წევრებს არ ვსჯით და რაღაც სანქციებს მათ წინააღმდეგ არ ვამოქმედებთ. ეს პირველ რიგში, ბუნებრივია, გამომდინარეობდა პარტიის ხელმძღვანელის პოზიციიდან, თუმცა გუნდის წევრებიც არ იყვნენ მოწინააღმდეგეები იმ აზრის, რომ რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებზე არ ყოფილიყო საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ასევე საუბარი იყო ევროკავშირის ელჩების დღევანდელ განცხადებაზე.

მდინარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრი არ გაურბის პასუხისმგებლობას.

„მთავარია, რომ ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ აქციაში იღებს მონაწილეობას, გამოხატავდეს თავის პროტესტს თავის ემოციას მშვიდობიანი ფორმით. მას შეუძლია, ყოველთვის გამოხატოს ეს პროტესტი და ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა მოუსმინოს თითოეულ ადამიანს. ირაკლი კობახიძემ აიღო თითქმის ყველას მაგივრად პასუხისმგებლობა და გადადგა. მივიღეთ გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქციაზე პროპორციულ არჩევნებზე უნდოდათ გადასვლა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, გუშინ ჩვენ მისი ინტერვიუ მოვისმინეთ, დღესაც მისი განცხადებები იყო, რომ არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას. ჩვენ ასე ვიცნობთ, პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია, რომ არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას, თუკი ელემენტალური მონაცემები იქნება გამოძიებიდან, რაც ვერ გაგრძელდება წლები. მინისტრი გახარია არ ერიდება პასუხისმგებლობას და მისი პოზიცია ბევრჯერ დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღოთ ეს ელემენტალური შედეგები, რაზე დაყრდნობითაც შევძლებთ კონკრეტული დასკვნების გამოტანას და შემდეგ უკვე უფრო ზუსტად შეგვეძლება, ვისაუბროთ იმაზე, ვისი კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. არ უნდა დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში, იმ უპასუხისმგებლო ადამიანების თუ პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც წააქეზეს და ყველაფერი გააკეთეს, გულწრფელი ადამიანის ემოცია ემართათ ამისათვის, მათმა ქმედებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე ზოგიერთებს და ამაზე ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გვქონდეს, როდესაც სხვის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები