გიორგი გახარია: ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა თავისი ძირითადი ფუნქცია, არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა

„კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს, სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტში“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გადადგომა ყველაზე მარტივია და თანამდებობიდან წასვლა პრობლემა არ არის.
„კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტში. რაც შემეხება მე, პასუხისმგებლობა და წასვლა საერთოდ პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია. ჩემს შემთხვევაში მინდა, რამდენიმე ფაქტორს გავუსვა ხაზი. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც 20 ივნისს სამწუხაროდ მოხდა თბილისში. ეს აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად 10 საათამდე და ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია დემონსტრანტებზე თბილისის ქუჩებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში. მაგარმ მას შემდგომ, რაც 10 საათის შემდგომ ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული ორგანიზებული ჯგუფების შტურმები განხორციელდა პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტულად პარლამენტზე. რა თქმა უნდა, პოლიცია ვალდებული იყო ემოქმედა. აქ არ შეიძლება, რომ უწყება, სამინისტრო, პოლიცია როგორც ინსტიტუტი, ამაში დავადანაშაულოთ. მათ კანონი არ დაურღვევიათ, ყველა ის ქმედება, რომელიც იყო, ორგანიზებულად განხორციელებული, პოლიციის მიერ იყო კანონს დაქვემდებარებული. შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია, პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – დაიცვა პარლამენტი, სამოქალაქო წესრიგი, კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა. რასაც შემდგომ რასაკვირველია კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები